ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის აგვისტოში მგზავრთნაკადი 27%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ისტორიულად ყველაზე მეტს რეისსა და მგზავრს მოემსახურა.
ასევე, აგვისტოს თვეში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძის თქმით, მათი პოზიტიური მოლოდინები გამართლდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გასული თვეები არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო. ეს არის Wizz Air-ის მიერ ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებისა და ინდური ავიაკომპანია Spice jet-ის მიერ რეგულარული ჩარტერული რეისების დამატების შედეგი, რამაც აეროპორტში რეისების და შესაბამისად მგზავრთანაკადის ზრდას შეუწყო ხელი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.