ავიაკომპნაია Wizz air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჟაჟა ტრუბეკი ავიაბილეთების გაძვირების სხვადასხვა ფაქტორს ასახელებს, მათ შორისაა საავიაციო საწვავზე ფასის ზრდა და მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნა, რაზეც მან BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟაჟა ტრუბეკის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი საავიაციო საწვავზე ფასის ზრდაა, მეორე ფაქტორი კი ინფლაციაა. ის ასევე აღნიშნავს, რომ Wizz Air-ის ბილეთის ფასი ყოველთვის დინამიკური იყო და დამოკიდებული მოთხოვნა/მიწოდებაზე. თუ ბევრი ადამიანი მოინდომებს მოგზაურობას, აშკარაა, რომ ბილეთები უფრო გაძვირდება.
“ივნისში მგზავრების რეკორდული რაოდენობა გვყავდა. მანამდე ამდენ მგზავრს Wizz air-ით არ უფრენია. ბევრ ადამიანს სურს ფრენა და მოთხოვნა მაღალია. შედეგად, ფასები გაიზარდა. თუ მოთხოვნა შემცირდება, შესაძლებელია, რომ ბილეთების ფასი შემცირდეს შემოდგომაზე ან ზამთარში. ბილეთის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზირება არ შემიძლია, თუმცა როგორც ყოველთვის შემოდგომასა და ზამთარში ადამიანები, როგორც წესი, ნაკლებს მოგზაურობენ და დაბალი მოთხოვნის პირობებში, ფასი მცირდება”,-აცხადებს ჟაჟა ტრუბეკი.
1-ლი აგვისტოდან Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა. ასევე ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, სალონიკის, ბერლინის, ბარსელონას, მილანის, დორტმუნდის, მემინგენის, რიგის, პრაღისა და ვროცლავის მიმართულებით.
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში ჯამურად მოემსახურა 255 310 მგზავრს და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ ეტაპისთვის, 4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.