ოზემპიკი: ინსულინრეზისტენტობა, დიაბეტი და წონის მართვა – რა უნდა იცოდეთ?

AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

 ოზემპიკი სემაგლუტიდის შემცველი საინექციო პრეპარატია. მისი ძირითადი დანიშნულება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვაა. პრეპარატმა შესაძლოა წონის შემცირებასაც შეუწყოს ხელი. თუმცა, ის არ არის ინსულინრეზისტენტობის სამკურნალოდ ან წონის დასაკლებად თვითნებურად გამოსაყენებელი საშუალება. მკურნალობის საჭიროებას ექიმი, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

რა არის ოზემპიკი და როგორ მოქმედებს?

პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა სემაგლუტიდი. ის GLP-1 რეცეპტორების აგონისტების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ნივთიერება ორგანიზმის ბუნებრივი ჰორმონის მოქმედებას ბაძავს. შედეგად, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას უწყობს ხელს. მისი მოქმედება ასევე უკავშირდება მადის ცვლილებასა და კუჭის დაცლის შენელებას. 

აღნიშნული პრეპარატი ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზრდასრულებში გამოიყენება – ის მკურნალობის ნაწილია. ამ პრეპარატის მიღების დროს კვების რეჟიმის კორექტირება და ფიზიკური აქტივობაც საჭიროა. 

ზოგიერთ პაციენტში ოზემპიკი ასევე ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა გართულებებისა და თირკმლის დაავადების გაუარესების რისკის შემცირებას. მისი დანიშვნის საჭიროებას ექიმი პაციენტის დიაგნოზისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს. 

ინსულინრეზისტენტობა და ოზემპიკი – რა კავშირია მათ შორის?

ინსულინრეზისტენტობის დროს ორგანიზმის უჯრედები ინსულინზე სათანადოდ აღარ რეაგირებს. ამის გამო სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება გაიზარდოს. ეს მდგომარეობა პრედიაბეტის განვითარების რისკსაც უკავშირდება.

ოზემპიკი უშუალოდ ინსულინრეზისტენტობის სამკურნალოდ არ არის განკუთვნილი. მისი გამოყენების საკითხი მხოლოდ ამ მდგომარეობის არსებობით არ წყდება. ექიმი აფასებს გლუკოზის მაჩვენებლებს, წონას, თანმხლებ დაავადებებსა და ჯანმრთელობის სხვა მახასიათებლებს.

ინსულინრეზისტენტობის მართვისას მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში ექიმი მედიკამენტურ მკურნალობასაც განიხილავს. 

შეიძლება თუ არა ოზემპიკით წონის შემცირება?

სემაგლუტიდის მოქმედებამ ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა მადის შემცირება და წონის კლება გამოიწვიოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრეპარატის გამოყენება ყველა ადამიანს შეუძლია მხოლოდ წონის დასაკლებად.

წონის მართვისთვის მედიკამენტის შერჩევისას ექიმი აფასებს სხეულის მასის ინდექსს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შესაძლო რისკებს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წონის მართვისთვის განკუთვნილ სემაგლუტიდის პრეპარატებს შეიძლება განსხვავებული ჩვენება და დოზირება ჰქონდეს.

ოზემპიკის დოზის თვითნებურად შეცვლა ან მისი სხვა ადამიანისთვის დანიშნული სქემით გამოყენება დაუშვებელია. მკურნალობის მიზანი და ხანგრძლივობა ექიმთან უნდა შეთანხმდეს.

რა გვერდითი მოვლენები აქვს ოზემპიკს?

ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა და მუცლის ტკივილი. ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის სიმპტომებმა შეიძლება სითხის დაკარგვა და გაუწყლოება გამოიწვიოს.

ძლიერი და ხანგრძლივი მუცლის ტკივილის, განმეორებითი ღებინების ან სხვა საგანგაშო სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალობის დაწყებამდე სპეციალისტს აცნობეთ სხვა დაავადებებისა და იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ორსულობის დაგეგმვის, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების საკითხი აუცილებლად ექიმთან უნდა განიხილოთ. მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა დაიწყოთ. დოზის შეცვლა ან პრეპარატის შეწყვეტა კი მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. 

რა უნდა გაითვალისწინოთ ოზემპიკით მკურნალობისას?

ოზემპიკით მკურნალობისას ექიმი აკვირდება სისხლში გლუკოზის მაჩვენებლებს, მკურნალობის შედეგსა და შესაძლო გვერდით მოვლენებსაც. თუ პრეპარატთან ერთად იღებთ ინსულინს ან სულფონილშარდოვანას ჯგუფის მედიკამენტს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ამ კომბინაციამ შეიძლება ჰიპოგლიკემიის, ანუ სისხლში შაქრის ზედმეტად დაქვეითების, რისკი გაზარდოს. საჭიროების შემთხვევაში თანმხლები წამლის დოზას მხოლოდ ექიმი შეცვლის. თვითნებურად ნუ შეცვლით დანიშნულ მკურნალობას.

დიაბეტური რეტინოპათიის არსებობისას მნიშვნელოვანია თვალების მდგომარეობაზე დაკვირვებაც. მხედველობის უეცარი ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ექიმს წინასწარ უთხარით, თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია ან სხვა პროცედურა ზოგადი ანესთეზიით ან ღრმა სედაციით. სემაგლუტიდი კუჭის დაცლას ანელებს. ეს ფაქტორი სამედიცინო გუნდმა პროცედურის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს.

ასევე აცნობეთ ექიმს, თუ ადრე გქონდათ პანკრეატიტი ან იღებთ სხვა მედიკამენტებს. კუჭის დაცლის შენელებამ შესაძლოა ზოგიერთი პერორალური პრეპარატის შეწოვაზე გავლენა მოახდინოს. მკურნალობისას ახალი ან უჩვეულო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და არ შეცვალოთ დოზა დამოუკიდებლად.

ოზემპიკი ფასი – რა ფაქტორებზეა დამოკიდებული? 

ოზემპიკი ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ შეფუთვასა და დოზაზე. გასათვალისწინებელია მიმდინარე მარაგიც. შეძენამდე გადაამოწმეთ აფთიაქის ვებგვერდზე მითითებული ღირებულება და პროდუქტის ხელმისაწვდომობა.

მედიკამენტის შეძენისას მნიშვნელოვანია სანდო სააფთიაქო ქსელის არჩევა და ექიმის დანიშნულების დაცვა. 

ხშირად დასმული კითხვები

რისთვის გამოიყენება ოზემპიკი?

პრეპარატი ძირითადად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვისთვის გამოიყენება. ის სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს უწყობს ხელს და ექიმის დანიშნულებით, კვებისა და ფიზიკური აქტივობის პარალელურად ინიშნება.

ოზემპიკი წონის კლებას ხელს უწყობს?

დიახ, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შესაძლოა წონის შემცირებას შეუწყოს ხელი. თუმცა, მხოლოდ წონის დასაკლებად მისი გამოყენება ექიმის მითითების გარეშე დაუშვებელია.

რა ღირს ოზემპიკი?

პრეპარატის ფასი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ღირებულება შეფუთვისა და დოზის მიხედვით განსხვავდება. მიმდინარე ღირებულება და მარაგი გადაამოწმეთ აფთიაქის ვებგვერდზე ან ფარმაცევტთან.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge